logo
ENG



გვარამია: ველოდები, რომ ინტერმედია პლიუსის საქმეზე ჩემი დაკავების საკითხიც დადგეს

26 თებ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

„ველოდები, რომ ინტერმედია პლიუსის საქმეზე ჩემი დაკავების საკითხიც დადგეს,“ - ამ განცხადებას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფორმულასთან“ საუბარში აკეთებს.

მისივე თქმით, ივანიშვილი მისი პოლიტიკური დევნით არის დაინტერესებული. გვარამია აცხადებს, რომ ივანიშვილი სასამართლოს, პროკურატურას და პოლიციას მართავს, შესაბამისად ქვეყანაში სამართლის პოვნა შეუძლებელია.

„უკვე ბრალდების მეორე მოწმეა, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მე ზიანი არ მიმიყენებია, არც მე არც „ინტერმედია+“-ს „რუსთავი2“-ისთვის, პირიქით სწორი გამოსავალი მივიღეთ. საქმე ემსახურება ჩემს პოლიტიკურ დევნას, სხვებისასაც მათ შორის ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლისასაც. ჩვენ ვცხოვრობთ უზურპატორულ რეჟიმში, გვმართავს ადამიანი რომელსაც უზურპირებული აქვს ხელისუფლება მაგრამ ფორმალურადაც კი არ ეკუთვნის არცერთი თანამდებობა. ივანიშვილი მართავს ყველას: სასამართლოს, პროკურორს, პოლიციას, ექსპერტს და ა.შ. ამ ქვეყანაში შეუძლებელია სამართლის პოვნა მაგრამ ჩვენ გვინდა საჯარო სხდომებზე დავადასტუროთ, ვიყოთ მართლები, რომ ჩვენ პირიქით რუსთავი2 გავხადეთ ისეთი, როგორიც მაშინ იყო. ცხადია ველოდები, რომ ამ საქმეზე ჩემი დაკავების საკითხიც დადგეს“,- განაცხდა ნიკა გვარამიამ.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, დღევანდელმა მოწმემ განცხადება იმასთან დაკავშირებით გააკეთა, რომ „ინტერმედია პლიუსსა“ და „რუსთავი 2“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად, რომელიც 2015-16 წლებში გაფორმდა კომპანიამ უფრო მეტი მოგება მიიღო, ვიდრე იმ პერიოდში კომპანიას შეეძლო რომ მიეღო.

„მკაფიოდ თქვა დღევანდელმა მოწმემ, რომ არანაირ სამართალდარღვევას, არანაირ არალეგალურ ქმედებას, არანაირ ფინანსურად წამგებიან ქმედებას ადგილი არ ჰქონია პირიქით ის ფინანსური ოპერაციები რაც „ინტერმედია პლიუსსა“ და „რუსთავი 2“-ს შორის გაფორმდა 2015-16 წლებში, იყო ორმხრივად ხელსაყრელი და ამ ოპერაციების შედეგად „რუსთავი 2“ მა მიიღო უფრო მეტი თანხა, ვიდრე იმ პირობებში შეეძლო კომპანიას მიეღო. „რუსთავი 2“ ამ პროცესების შემდეგ კვლავ აგრძელებდა ფუნქციონირებას ჩვეულებრივ რეჟიმში, განსხვავებით დღევანდელი მდგომარეობისგან“, - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიასა და მასთან ერთად ბრალდებული პირების პროცესი დასრულდა. „ინტერმედია +“-სა და „რუსთავი2-ის საქმეზე, დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.

შეგახსენებთ, რომ გვარამიას „რუსთავი 2-ის" კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. მას ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გარდა ამისა, აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა.

 


close დახურვა